საქართველოს ეკონომიკა დიდადაა დამოკიდებული მცირე და საშუალო სიდიდის საწარმოებზე (მსს). ჯეოსტატის 2017 წლის მონაცემების მიხედვით, მათზე მოდის დასაქმებულთა 67% და მთლიანი დამატებული ღირებულების 61.5%. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მიერ შემუშავებული მცირე და საშუალო ბიზნესის პოლიტიკის ინდექსის (OECD SME Policy Index) მიხედვით საქართველოს, მსს-ის განვითარების არსებული პოლიტიკით და სისტემით, საუკეთესო მაჩვენებელი აქვს ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში. მიუხედავად ამისა, მსს-ბშ შედარებით მცირე დამატებითი ღირებულება იწარმოება(მაგ. ვაჭრობა, უძრავი ქონება) და აწყდება ბარიერებს საკუთარი ოპერირების გასაფართოებლად.
საქართველოში მცირე და საშუალო სიდიდის საწარმოების წვდომა მწვანე ფინანსებზე
რეზიუმე
მსს-თან დაკავშირებული პოლიტიკა
გარემოსდაცვითი და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული პოლიტიკა
საქართველოში საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების მიზნით შემუშავებულია გარემოსდაცვითი პოლიტიკის დოკუმენტები და ეკონომიკის „გამწვანების“ ხელშემწყობი სტრატეგიები. საქართველოს მთავრობამ მოახდინა იმ აუცილებელი ინვესტიციების მოცულობის იდენტიფიცირება, რომელიც საჭიროა 2030 წლამდე გარდამავალი პერიოდისათვის და რაც 8 მლრდ. დოლარს უტოლდება. ამასთან, განახლებადი ენერგიების და ენერგოეფექტურობის კანონები და სამოქმედო გეგმები ჯერ კიდევ შემუშავების სტადიაზეა და არ არსებობს არანაირი სავალდებულო სამიზნე მაჩვენებლები განახლებად ენერგიებთან დაკავშირებით. გარემოსდაცვითი სტანდარტების იძულებითი შემოღებას (აღსრულების წესის შემოღება) აკლია თანამიმდევრულობა. მსს-ის განსაკუთრებული როლი მწვანე ზრდაში და ის ბარიერები, რომელსაც ისინი აწყდებიან, არაა ნათლად გააზრებული.
საქართველოში მნიშვნელოვანი წილი უკავია არაფორმალურ ეკონომიკას, რომლის დიდი ნაწილი დაკავშირებულია მსს-თან. ფისკალურ და მაკროეკონომიკურ გამოწვევებთან ერთად, არაფორმალური ეკონომიკის დიდი მასშტაბებით არსებობა პრობლემას უქმნის ეფექტური გარემოსდაცვითი რეგულაციების განხორციელებას. გამომდინარე აქედან, ეკონომიკის ფორმალიზება მთავრობის პრიორიტეტებს შორის უნდა იყოს.
ფინანსური ბაზრები მსს-თვის
ფინანსებზე წვდომა გამოწვევას წარმოადგენს მსს-თვის, ისევე, როგორც მთელს რეგიონში. კომერციული ბანკები მსს-ის დაფინანსების მთავარი წყაროა, მაგრამ სესხის გამცემისათვის მსს სექტორი განიხილება როგორც მაღალი რისკის მატარებელი. საპროცენტო განაკვეთებიც მაღალია (15%+), ისევე, როგორც სესხის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მოთხოვნები (130% და მეტი). მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ შეთავაზებული საპროცენტო განაკვეთები მნიშვნელოვნად მაღალია. სესხის ამღებნი განიცდიან ჭარბვალიანობას ან საკმარისი აქტივების ნაკლებობას, რომელსაც სესხის უზრუნველყოფად გამოიყენებდნენ. პროექტის საფუძველზე განხორციელებული დაფინანსება ხშირ შემთხვევაში არ გამოიყენება. ლიზინგისა და ფაქტორინგის საფუძველზე მიღებული ფინანსური პროდუქტები აგრეთვე განუვითარებელია. სესხების დოლარიზაცია, რომლის საფუძველი შედარებით დაბალი საპროცენტო განაკვეთია, აგრეთვე წარმოშობს პოტენციურ რისკებს როგორც ინდივიდუალური მსესხებლებისათვის, ასევე - სისტემურ დონეზე. მთავრობა აქტიურად მუშაობს აღნიშნული რისკების ნაწილის გასანეიტრალებლად.
ბაზარზე არსებული შეუსაბამობა მსს-ის მხრიდან „მწვანე“ ინვესტირებისათვის
ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა, რასაც მწვანე მსს-ბი აწყდებიან, ესაა ბაზარზე არსებული შეუსაბამობა, ფინანსური ინსტიტუტების მხრიდან, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის შეთავაზებულ მწვანე კრედიტებთან დაკავშირებით. უმრავლესობა იმ ბანკებისა, რომლებიც მწვანე საკრედიტო ხაზის მომსახურებას ახორციელებენ, უფრო მეტად ახდენენ მსხვილი კლიენტების მომსახურებას და, შესაბამისად, კრედიტების სიდიდეც ხშირად აღემატება იმ სიდიდეს, რაც მსს-ს სავარაუდოდ სჭირდებათ (დაახლოებით, >500 000 ევრო). ეს განპირობებულია მასშტაბის ეფექტით და დიდი მოცულობის საკრედიტო პორტფელთან დაკავშირებული მონაცემების გადამუშავების დაბალი ხარჯებით. მეორეს მხრივ, ბაზარზე არიან მიკრო-საფინანსო ორგანიზაციები, რომლებიც ემსახურებიან პატარა სიდიდის საწარმოებს (10 000 ევრომდე), მაგრამ მნიშვნელოვნად უფრო მაღალი საპროცენტო განაკვეთით (ბევრი ქართული მსს-ბი თავად წარმოადგენენ მიკრო-საწარმოებს). თუმცა მცირე და საშუალო საბანკო კომპანიები კარგად არიან მორგებულნი მცირე ფირმების მომსახურებაზე, მათში მაინც შეინიშნება „მწვანეზე“ ორიენტირების ნაკლებობა და, ამ საშუალო სეგმენტისთვის (სესხები 10 000-დან 30 000 ევრომდე), სესხებზე წვდომის შეზღუდულობა. ეს მომხმარებლები, ერთობლივად, მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენენ გარემოზე. მთავრობის მიერ განხორციელებულ პოლიტიკაში მეტი ყურადღება უნდა იქნას მიმართული შეუსაბამობაზე საჯარო და კერძო დაფინანსებას შორის.
გამოწვევები მსს -ის შესაძლებლობებთან დაკავშირებით
პროგრესი მსს-სთვის მწვანე ფინანსების ბაზრის შესაქმნელად შეზღუდულია, თავად მსს-ს შორის ფინანსებთან დაკავშირებული ცოდნის სისუსტით, მათი ღარიბი საკრედიტო ისტორიით და ბიზნესის დაგეგმვის მწირი უნარებით, თუმცა ამ მიმართულებით მდგომარეობა უმჯობესდება. მსესხებლებს შორის აგრეთვე შეინიშნება დაბალი ცნობიერება მწვანე ინვესტიციებიდან მომდინარე ეკონომიკურ ეფექტთან, მათ შორის, მისაღებ სარგებელთან, პროდუქტიულობასა და ხარისხობრივ უპირატესობებთან დაკავშირებით. მწვანე ინვესტიციები შეიძლება განხილული იქნას როგორც შესაძლებლობის ფასი გაფართოებული წარმოებიდან.
ფინანსური დაწესებულებების როლი
მწვანე პროექტებისათვის, საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტებმა (IFIs), საქართველოს 8 ბანკს უკვე გამოუყო დაახლოებით 400 მლნ. აშშ დოლარის ოდენობის შეღავათიანი საკრედიტო ხაზი, ბოლო ათწლეულის განმავლობაში. ეს სესხები უპირველეს ყოვლისა მიმართული იყო განახლებად ენერგიებზე და ენერგო ეფექტურობაზე. ამ 8 ბანკიდან საქართველოს ბანკი, თი-ბი-სი ბანკი და პრო კრედიტ ბანკი იყვნენ ყველაზე აქტიურები მწვანე კრედიტების გაცემაში, თუმცა მხოლოდ პრო კრედიტ ბანკმა გააკეთა ეს მდგრადი მწვანე სასესხო პროდუქტის მეშვეობით.
ფინანსებზე წვდომის ბარიერები
სფი-ის მიერ ფინანსური შუამავლებისათვის გამოყოფილი გარემოს დაცვასთან დაკავშირებული საკრედიტო ხაზები, უმთავრესად დიდ კომპანიებსა და პროექტებს მოხმარდა. საშუალოდ, თითოეული ამ პროექტის ღირებულება 1 მლნ. დოლარს უტოლდებოდა. ეს, ერთის მხრივ, იმის მაჩვენებელია, რომ ბანკები, რომლებიც პატარა მსესხებლებთან მუშაობენ, მაღალი ტრანზაქციის ღირებულება აქვთ. ამასთან, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ მსს-ბის დეფინიცია არ ემთხვევა ქართულ სინამდვილეს. ზოგი საკრედიტო ხაზი იმგვარი იყო, რომ ძნელი გასარჩევი იყო ენერგოეფექტიანობის პროექტებს უკავშირდებოდა თუ განახლებადი ენერგიების პროექტს. ამგვარი მდგომარეობა იმით დამთავრდა, რომ თანხები მსს-ის განვითარებისა ნაცვლად, ჰიდროელექტროსადგურებს მოხმარდა.
წარმატების უმთავრესი ფაქტორები
ბანკებმა თავად უნდა დასძლიონ გამოწვევები, რათა ხელი შეუწყონ მწვანე სესხების განვითარებას. რიგ შემთხვევებში არსებული წარმატებული პრაქტიკა დაკავშირებულია: გარიგებებში თავად უმაღლესი მენეჯმენტის მონაწილეობასთან, სტანდარტული მწვანე საბანკო პროდუქტების განვითარებასთან, საკმარისი ფინანსური და საშტატო რესურსების განთავსებსთან, მომზადების პროცესის ხარისხთან, მასშტაბის დადებით ეფექტთან, რაც ტრანზაქციის სავარაუდო ღირებულების ანაზღაურებას ახდენდა, და გამჭვირვალობისა და მმართველობის მაღალ დონესთან.
გასატარებელ პოლიტიკასთან დაკავშირებული რეკომენდაციები
მცირე ბიზნესის როლის გათვალისწინებით, მსს-თვის მწვანე ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესების გზით, საქართველოში, შესაძლებელია მნიშვნელოვანი ეკონომიკური და გარემოსდაცვითი სარგებლის მიღება. ამ მიმართულებით პოლიტიკის განმსაზღვრელებმა უნდა განახორციელონ შემდეგი ქმედებები:
მიიღონ ენერგო ეფეტურობისა და განახლებადი ენერგიების კანონმდებლობა, მიიღონ რეგლამენტები (შენობებსა და მოწყობილობებთან დაკავშირებით), გააძლიერონ აღსრულების მექანიზმები, თანდათან შეცვალონ გარემოსდაცვითი სტანდარტები და შეამცირონ წიაღისეული საწვავის სუბსიდირება საბაზრო კონიუნქტურის შესაქმნელად.
არსებული შესაძლებლობებისა და ბარიერების გათვალისწინებით, შეიმუშაონ ნათელი პოლიტიკური ხედვები მსს-ბის როლის შესახებ მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის პროცესში, უზრუნველყონ მსს-ბის ჩართულობა კლიმატის ეროვნულ სტრატეგიებსა და პროგრამებში.
ყურადღება მიაქციონ მსს-ის ფინანსებზე წვდომის საკითხებს, მათ შორის ადგილობრივი წარმომავლობის ფინანსებზე, იზრუნონ მსს-ის ფინანსური ცოდნის ამაღლებაზე, გამოიკვლიონ და მოძებნონ მსს-ის დაკრედიტებისთვის საჭირო გარანტიები და ხელი შეუწყონ არასაბანკო დაფინანსებას (მაგ. ლიზინგი).
მუშაობა წარმართონ განვითარების ეროვნულ ფონდებთან (მაგ. აწარმოე საქართველო) და კომერციულ ბანკებთან, გაუმჯობესებულ საპროცენტო განაკვეთებსა და შემცირებულ საგარანტიო მოთხოვნებთან დაკავშირებით, მსს-თვის მწვანე კრედიტების დაბალი ღირებულების და გაუმჯობესებული პირობების მიზნით.
გააუმჯობესონ მწვანე ფინანსებზე წვდომა და ეფექტურობა, მწვანე ბონდების ბაზრის, ყველა ტიპის კლიმატთან დაკავშირებული ფინანსური მექანიზმების და ეროვნული ბანკის მდგრადი აქტივების განთავსებასთან დაკავშირებული რეგულაციების გონივრული გამოყენებით.
აამაღლონ ცნობიერება მსს-ს შორის, ენერგო ეფექტურობასა და განახლებადი ენერგიების შესაძლებლობებთან დაკავშირებით, მხარი დაუჭირონ ენერგო მენეჯმენტის სისტემების შემოღებას და წაახალისონ მწვანე ინვესტიციებისა და ბრენდირების სარგებელი.